მისია
კახეთის საინფორმაციო ცენტრი (www.ick.ge) დამოუკიდებელი მედია გამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ზუსტ, მიუკერძოებელ და ექსკლუზიურ ინფორმაციას კახეთის რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი ინტენსიურად აშუქებს რეგიონში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს, სხვა აქტუალურ საკითხებს მულტიმედიური ახალი ამბებისა და რეპორტაჟების საშუალებით; მონიტორინგს უწევს ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების საქმიანობას; ადამიანის უფლებების დაცვისა და პოპულარიზაციის, სამოქალაქო განათლების, ჩართულობისა და უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, ახორციელებს სხვადასხვა კამპანიებს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი 2010 წელს დაარსდა. ვებგვერდს ყოველდღიურად 10-დან 15 ათასამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. Ick.ge-ს მიერ მომზადებული ახალი ამბები ხშირად ხდება ნაციონალური მედიის ინფორმაციის წყარო.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი საინფორმაციო ცენტრების ქსელის (ICN) შემადგენლობაშია. ქსელის პროდუქტებია:
www.Reginfo.ge - ახალი ამბების სააგენტო;
www.Mtisambebi.ge - საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი;
www.Radioway.ge - პანკისის სათემო რადიო WAY;
www.Regmarket.ge - განცხადებების საიტი;
საინფორმაციო ცენტრების ქსელს 2013–2018 წლებში მიღებული აქვს არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდო:
- სახალხო დამცველის აპარატისა და რელიგიურ უმცირესობათა საბჭოს პრიზი ტოლერანტობის ქომაგი (2013 წ) – საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის;
- ევროკავშირის პრიზი (2014 წ) – ნომინაციაში – ყველაზე ინფორმაციული სააგენტო;
- მედიის განვითარების ფონდის, ილიას უნივერსიტეტისა და გაეროს ასოციაციის ტოლერანტობის პრიზი (2014 წ) - რეგიონულ მედიაში ადამიანის უფლებების გაშუქებისთვის;
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი (2014 წ) – საუკეთესო სტატია/ნარკვევი თავშესაფრის მაძიებელი პირების შესახებ;
- ჯოშუა ფრიდმანის, ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პრიზი [GIPA FRIEDMAN] (2015 წ) – ექსტრემიზმის საკითხების გაშუქებისთვის;
- გაეროს ბავშვთა ფონდისა [UNICEF] და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი (2017 წ) - ბავშვთა საკითხების სიღრმისეულად გაშუქებისთვის.
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი (2018 წ) - ნომინაციაში საუკეთესო ვიდეორეპორტაჟი;
- სახალხო დამცველის აპარატისა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს პრიზი ტოლერანტობის ქომაგი (2018 წ) - საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის;
კახეთის საინფორმაციო ცენტრი (ick.ge) იზიარებს და იცავს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს:
პრინციპი 1
ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
პრინციპი 2
დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ.
პრინციპი 3
ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.
პრინციპი 4
ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს.
პრინციპი 5
მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
პრინციპი 6
ჟურნალისტის მორალური პასუხისმგებლობაა, არ გაამჟღავნოს კონფიდენციალურად მოპოვებული ინფორმაციის წყარო.
პრინციპი 7
ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ, ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.
პრინციპი 8
ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება.
პრინციპი 9
სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან.
პრინციპი 10
ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.
პრინციპი 11
ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
- ფაქტის განზრახ დამახინჯება;
- ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;
- პლაგიატი.