ლაგოდეხში ავარიის შედეგად 34 წლის მამუკა სულაქველიძე დაიღუპა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 34 წლის კაცი დაიღუპა. გარდაცვლილი მამუკა სულაქველიძეა, რომელიც ნინიგორის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი იყო.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ადგილობრივებმა განაცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევა 17 აგვისტოს, ღამის საათებში მოხდა. მამუკა სულაქველიძე ავტომობილით სოფელ გიზასკენ მიმავალ გზაზე გადაბრუნდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და მაშველები იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.